ჩვენთვის პრიორიტეტულია თქვენი ნდობა — ბავშვისთვის Google ანგარიშის ფლობის უფლების მიცემა დიდი გადაწყვეტილებაა. დაუთმეთ ერთი წუთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობას, მეტი რომ შეიტყოთ.
თქვენი ბავშვის Google ანგარიში თქვენი საკუთარი ანგარიშის მსგავსად მუშაობს. მისი მეშვეობით შესაძლებელია Google-ის მრავალი პროდუქტითა და სერვისით სარგებლობა, მათ შორის, ისეთი სერვისებით, რომლებიც არ არის შექმნილი ბავშვებისთვის და არც მათზე მორგებულია. თავისი ანგარიშის მეშვეობით თქვენს ბავშვს, მაგალითად, შეეძლება:
შეკითხვების დასმა, ასევე, ინტერნეტზე წვდომა და ძიება Google ასისტენტის, Chrome-ისა და Search-ის გამოყენებით;
სხვებთან კომუნიკაცია Gmail-ის, SMS-ის, ვიდეოს, ხმისა და კომუნიკაციის სხვა მეთოდების გამოყენებით;
აპების, თამაშების, მუსიკის, ფილმებისა და სხვა კონტენტის ჩამოტვირთვა, შეძენა და გამოყენება;
ფოტოების, ვიდეოების, პრეზენტაციების, დოკუმენტებისა და სხვა კონტენტის შექმნა, ნახვა და გაზიარება;
ჯანმრთელობისა და ფიტნესის შესახებ ინფორმაციისთვის, მათ შორის, აქტივობის დონისა და გულისცემისთვის, თვალის მიდევნება Google Fit-ში (დამოკიდებულია თქვენი ბავშვის მოწყობილობებზე);
კონტექსტური რეკლამების ნახვა Google-ის სერვისებით სარგებლობისას.
Google-ის Family Link აპი დაგეხმარებათ თქვენი ბავშვისთვის ძირითადი წესების დაყენებაში და მეგზურობის გაწევაში მის მიერ ონლაინკონტენტის დათვალიერების პროცესში. თქვენი ბავშვი გაწევრიანდება Google ოჯახის ჯგუფში, რომლის მეშვეობითაც თქვენს ბავშვთან და ოჯახის მაქსიმუმ ოთხი სხვა წევრთან შეგიძლიათ Google-ის სერვისების გაზიარება. მოგვიანებით საშუალება გექნებათ, დაამატოთ კიდევ ერთი მშობელი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბავშვის ანგარიშის ზედამხედველობაში. Family Link-ის მეშვეობით მშობლებს შეუძლიათ:
ეკრანთან გატარებული დროის ლიმიტების დაყენება თქვენი ბავშვის Android ან ChromeOS მოწყობილობებზე;
თქვენი ბავშვის სისტემაში შესული და აქტიური Android მოწყობილობების მდებარეობის ნახვა;
თქვენი ბავშვის მიერ Google Play-დან და Stadia-დან ჩამოტვირთვისა თუ შეძენის მცდელობების დადასტურება, ან კონტენტის ხილვადობის შეზღუდვა ასაკობრივი კლასიფიკაციის მიხედვით;
თქვენი ბავშვის დახმარება, თავის Google ანგარიშში შესანახად აირჩიოს აქტივობის ტიპები და მათი მეშვეობით ფუნქციების პერსონალიზების ხერხები;
ისეთი პარამეტრების მართვა, როგორიცაა SafeSearch Google Search-ისთვის;
Android-სა და ChromeOS-ში თქვენი ბავშვის აპების ნებართვების (მათ შორის, მიკროფონზე, კამერასა და კონტაქტებზე წვდომის) გადახედვა;
კონტენტის, წვდომისა და სხვა პარამეტრების შეცვლა YouTube გამოცდილებებისთვის (სადაც ხელმისაწვდომია), მათ შორის, YouTube-ისა და YouTube Kids-ისთვის.
მშობელთა კონტროლი Family Link-ში გეხმარებათ თქვენი ბავშვის ზედამხედველობასა და მის მიერ მოწყობილობებით სარგებლობის პროცესის მართვაში, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ:
Family Link-ში მშობელთა კონტროლისთვის ხელმისაწვდომი საშუალებების უმეტესობის მართვა შესაძლებელია ვებში, თუმცა ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვისა და სხვა გარკვეული სხვა ფუნქციების სამართავად დაგჭირდებათ Family Link აპი Android ან iOS სისტემებისთვის.
SafeSearch, ვებსაიტების შეზღუდვები Chrome-ში, Play Store-ის ფილტრები და სხვა მსგავსი პარამეტრები დაგეხმარებათ შეუსაბამო კონტენტზე წვდომის შეზღუდვაში, თუმცა ისინი სრულყოფილი არ არის. მართვის ამ საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც კი თქვენს ბავშვს შეიძლება მაინც შეხვდეს კონტენტი, რომელიც არ გსურთ, რომ მან ნახოს.
მშობლის მიერ დამტკიცება საჭირო არ არის, როცა თქვენი ბავშვი ხელახლა ჩამოტვირთავს აპს ან სხვა კონტენტს, რომელიც ადრე უკვე დაამტკიცეთ, დააინსტალირებს აპის განახლებას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ განახლება ამატებს კონტენტს ან ითხოვს დამატებით მონაცემებსა თუ ნებართვებს) ან ჩამოტვირთავს საზიარო კონტენტს თქვენი Google Play საოჯახო ბიბლიოთეკიდან.
Family Link-ის ზოგიერთი ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და მუშაობისთვის კონკრეტულ პარამეტრებს და გარემოებებს საჭიროებს. მაგალითად, აპების დაბლოკვა ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი ბავშვი შესულია თავსებად Android ან ChromeOS მოწყობილობაში, ხოლო თქვენი ბავშვის მოწყობილობის მდებარეობის ნახვა Family Link აპში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი Android მოწყობილობა ჩართულია და დაკავშირებულია ინტერნეტთან.
როცა თქვენი ბავშვი გახდება 13 წლის (ასაკი, შესაძლოა, განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით), მას შეეძლება, აირჩიოს, რომ თავისი ანგარიში დამოუკიდებლად, თქვენი ზედამხედველობის გარეშე მართოს.
ჩვენი მრავალი სერვისი საშუალებას აძლევს თქვენს ბავშვს, ინტერაქცია ჰქონდეს სხვა ადამიანებთან, რომლებიც იყენებენ ჩვენს სერვისებს. ჩვენი სურვილია, ყველას მიმართ პატივისცემით სავსე გარემო შევინარჩუნოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისებით სარგებლობისას თქვენმა ბავშვმა უნდა დაიცვას ქცევის ძირითადი წესები, მაგალითად, არ მიაყენოს შეურაცხყოფა ან ზიანი სხვებს ან საკუთარ თავს (ან არ დაემუქროს ან წაახალისოს ასეთი არასათანადო მოპყრობა თუ ზიანი) — მაგალითად, შეცდომაში შეყვანით, თაღლითობით, ცილისწამებით, დაჩაგვრით, ძალადობით, სხვების დევნით და თვალთვალით ან სიძულვილის დამთესავი კონტენტის საჯაროდ გავრცელებით (როგორიცაა კონტენტი, რომელიც წაახალისებს სიძულვილს ან დისკრიმინაციას ადამიანების წარმოშობის, რასის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის და ა.შ. საფუძველზე). სიძულვილის დამთესავი კონტენტის გამოქვეყნებამ, შესაძლოა, თქვენი და თქვენი ბავშვის სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
თქვენს ბავშვს თავისი საკუთარი Google ანგარიში ან პროფილი რომ ჰქონდეს, შესაძლოა, თქვენგან დაგვჭირდეს ნებართვა, შევაგროვოთ, გამოვიყენოთ ან გავამჟღავნოთ თქვენი ბავშვის ინფორმაცია, მონაცემთა კონფიდენციალურობის წესების თაობაზე შეტყობინებასა და Google-ის კონფიდენციალურობის დებულებაში განმარტებულის შესაბამისად. როცა თქვენს ბავშვს ჩვენი სერვისების სარგებლობის უფლებას აძლევთ, თქვენი ბავშვი და თქვენ თქვენ-თქვენ ინფორმაციას გვანდობთ. გვესმის, რომ თქვენი ინფორმაციის დაცვა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ბევრს ვმუშაობთ ამ კუთხით და მართვის სადავეებსაც გაძლევთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ, შეეძლოს თუ არა თქვენს ბავშვს აქტივობის მართვის საშუალებების გაკონტროლება ვებსა და აპებში აქტივობისთვის, YouTube-ის ისტორიისთვის და სხვა შესაბამის რეგიონებში, რომლებიც Google-ის გარკვეულ სერვისებს აკავშირებს.
13 წლამდე (ან თქვენს ქვეყანაში დასაშვები ასაკის) ბავშვების Family Link-ით მართულ Google ანგარიშებთან და პროფილებთან დაკავშირებულ ამ შეტყობინებაში მონაცემთა კონფიდენციალურობის წესების თაობაზე და Google-ის კონფიდენციალურობის დებულებაში განმარტებულია Google-ის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკა. თუ თქვენი ბავშვის ანგარიშისთვის ან პროფილისთვის არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების სპეციფიკური პრაქტიკა, მათ შორის, პერსონალიზებული რეკლამის შეზღუდვებთან დაკავშირებით, განსხვავებები მოცემული იქნება შეტყობინებაში მონაცემთა კონფიდენციალურობის წესების თაობაზე.
მონაცემთა კონფიდენციალურობის წესების თაობაზე ეს შეტყობინება არ ვრცელდება მესამე მხარის (Google-ისგან განსხვავებული სუბიექტების) იმ აპებთან, ქმედებებთან თუ ვებსაიტთან დაკავშირებულ პრაქტიკაზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს თქვენმა ბავშვმა. თქვენ უნდა გაეცნოთ მესამე მხარის აპებისთვის, ქმედებებისთვისა და საიტებისთვის მოქმედ პირობებსა და დებულებებს, მათ შორის, მათ მიერ მონაცემთა შეგროვებისა და გამოყენების პრაქტიკას, რათა განსაზღვროთ მათი შესაბამისობა თქვენი ბავშვისთვის.
როდესაც თქვენს ბავშვს მიანიჭებთ ნებართვას, ჰქონდეს Google ანგარიში ან პროფილი, მის ანგარიშს ან პროფილს, ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით, მოვეპყრობით ზოგადად ისევე, როგორც თქვენსას. მაგალითად, ჩვენ მიერ გროვდება:
ანგარიშის ან პროფილის შექმნის პროცესში, შესაძლოა, გთხოვოთ პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, სახელი და გვარი, ელფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ და თქვენი ბავშვი უთითებთ, მაგალითად, თქვენს ონლაინ საკონტაქტო მონაცემებს, რომლებიც გვჭირდება, რათა დაგიკავშირდეთ თანხმობის სათხოვნელად. გარდა ამისა, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბავშვი ქმნის, ტვირთავს ან სხვებისგან იღებს თავისი ანგარიშის ან პროფილის გამოყენებისას, მაგალითად, როდესაც თქვენი ბავშვი ინახავს სურათს Google Photos-ში ან ქმნის დოკუმენტს Google Drive-ში.
ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ და ვინახავთ გარკვეულ ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც თქვენი ბავშვი იყენებს და მათი გამოყენების ხერხების შესახებ. მაგალითად, როცა თქვენს ბავშვს შეჰყავს საძიებო მოთხოვნა Google Search-ში, ესაუბრება Google ასისტენტს ან უყურებს ვიდეოს YouTube Kids-ში. ამ ინფორმაციაში შედის:
თქვენი ბავშვის მიერ Google სერვისებზე წვდომისათვის გამოყენებული აპების, ბრაუზერებისა და მოწყობილობების შესახებ ისეთ ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორიცაა, მაგალითად, უნიკალური იდენტიფიკატორები, ბრაუზერის ტიპი და პარამეტრები, მოწყობილობის ტიპი და პარამეტრები, ოპერაციული სისტემა, მობილური ქსელის ინფორმაცია, მათ შორის, ოპერატორის სახელი, ტელეფონის ნომერი და აპლიკაციის ვერსიის ნომერი. ამას გარდა, ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი ბავშვის აპების, ბრაუზერებისა და მოწყობილობების მიერ ჩვენს სერვისებთან ურთიერთქმედების შესახებ, მათ შორის, IP მისამართს, ავარიულად გათიშვის ანგარიშებს, სისტემის აქტივობას და თქვენი ბავშვის მოთხოვნის თარიღს, დროს და რეფერალის URL-ს. მაგალითად, ამ ინფორმაციას ვაგროვებთ, როცა თქვენი ბავშვის მოწყობილობიდან Google სერვისი უკავშირდება ჩვენს სერვერებს, მათ შორის, როცა ბავშვი ასრულებს აპის ინსტალაციას Play Store-იდან.
თქვენი ბავშვის ჩვენს სერვისებში აქტივობის შესახებ ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიყენებთ, მაგალითად, მისთვის ისეთი Google Play აპების რეკომენდებისთვის, რომლებიც შეიძლება მოეწონოს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ, შეეძლოს თუ არა თქვენს ბავშვს აქტივობის მართვის საშუალებების გაკონტროლება. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია თქვენი ბავშვის აქტივობის შესახებ შეიძლება მოიცავდეს საძიებო ფრაზებს, მის მიერ ნანახ ვიდეოებს, აუდიოფუნქციებით სარგებლობისას დაფიქსირებულ ხმოვან და აუდიო ინფორმაციას, ადამიანებს, რომლებთანაც თქვენი ბავშვი ურთიერთობს ან რომლებსაც კონტენტს უზიარებს და Chrome-ის მეშვეობით ვების დათვალიერების ისტორიას, რომელიც მას სინქრონიზებული აქვს თავის Google ანგარიშთან. თუ ჩვენი სერვისების მეშვეობით თქვენი ბავშვი ახორციელებს/იღებს ზარებს ან გზავნის/იღებს შეტყობინებებს, მაგალითად, სარგებლობს Google Meet-ით ან Duo-თი, ჩვენ, შესაძლოა, შევაგროვოთ სატელეფონო ჟურნალის ინფორმაცია. თქვენი ბავშვის ანგარიშში ან პროფილში აქტივობასთან დაკავშირებით შენახული ინფორმაციის პოვნა და მართვა მას შეუძლია თავისი Google ანგარიშიდან, ხოლო მისი აქტივობის ინფორმაციის მართვის ხელშეწყობა თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბავშვის Google ანგარიშში შესვლით, ან მის პროფილზე გადასვლით Family Link-იდან.
ჩვენ ვაგროვებთ თქვენი ბავშვის მდებარეობის ინფორმაციას, როცა ის ჩვენს სერვისებს იყენებს. თქვენი ბავშვის მდებარეობა შეიძლება განისაზღვრებოდეს GPS-ით, IP მისამართით, მისი მოწყობილობის სენსორების მონაცემებით, ასევე, მოწყობილობასთან ახლოს მდებარე Wi-Fi წვდომის წერტილებით, ფიჭური კავშირის სადგურებითა და მოწყობილობებით, რომლებზეც ჩართულია Bluetooth. ის, თუ რა ტიპის მდებარეობის მონაცემებს ვაგროვებთ, ნაწილობრივ დამოკიდებულია თქვენს პარამეტრებსა და თქვენი შვილის მოწყობილობებზე.
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი ბავშვის ხმოვანი და აუდიო ინფორმაცია. მაგალითად, თუ თქვენი ბავშვი იყენებს აუდიოაქტივაციის ბრძანებებს (მაგ. „OK, Google“ ან მიკროფონის ხატულაზე შეხება), მის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად დამუშავდება შემდეგი მეტყველების/აუდიო ჩანაწერი. გარდა ამისა, თუ თქვენი შვილის ვებსა და აპებში აქტივობის პარამეტრებში მონიშნულია ხმოვანი და აუდიო აქტივობის ვარიანტი, შეიძლება მის ანგარიშში შეინახოს სისტემაში შესულ მოწყობილობაზე ასისტენტთან მისი ხმოვანი ინტერაქციის ჩანაწერი (პლუს რამდენიმე წამით ადრე).
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტექნოლოგიას თქვენი ბავშვის ინფორმაციის შესაგროვებლად და შესანახად, როგორიცაა: ქუქი-ჩანაწერები, პიქსელური თეგები, ადგილობრივი მეხსიერება (ბრაუზერის ვებმეხსიერება ან აპლიკაციების მონაცემთა ქეშები), მონაცემთა ბაზები და სერვერის ჟურნალები. ჩვენ არ ვითხოვთ თქვენი ბავშვისგან, მოგვაწოდოს იმაზე მეტი პერსონალური ინფორმაცია, ვიდრე გონივრულ ფარგლებში საჭიროა Google-ის იმ პროდუქტებისა და სერვისების გამოსაყენებლად, რომლებიც ხელმისაწვდომია ამ ანგარიშებისა თუ პროფილებისთვის.
Google-ის კონფიდენციალურობის დებულებაში უფრო დეტალურადაა განმარტებული, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემები, რომლებსაც აგროვებს Google თქვენი ბავშვის Google ანგარიშთან ან პროფილთან დაკავშირებით. როგორც წესი, თქვენი ბავშვის ინფორმაცია გამოიყენება ჩვენი სერვისების უზრუნველსაყოფად, შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად; ახალი სერვისების შესამუშავებლად; ჩვენი სერვისების მოსარგებლად თქვენს ბავშვზე; ეფექტურობის ანალიზისთვისა და ჩვენი სერვისების გამოყენების ხერხებში გასარკვევად; თქვენს ბავშვთან უშუალო კომუნიკაციისთვის ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით; ასევე, ჩვენი სერვისების უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
თქვენი ბავშვის ინფორმაციის აღნიშნული მიზნებით დასამუშავებლად სხვადასხვა ტექნოლოგიას ვიყენებთ. მაგალითად, ავტომატიზებული სისტემების მეშვეობით ვაანალიზებთ თქვენი ბავშვის კონტენტს, რათა მივაწოდოთ მას ძიების მორგებული შედეგები ან სხვა ფუნქციები, რომლებიც მორგებული იქნება მის მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების მეთოდებზე. ჩვენ ვაანალიზებთ თქვენი ბავშვის კონტენტს, რაც გვეხმარება ისეთი დარღვევების აღმოჩენაში, როგორიცაა სპამი, მავნე პროგრამები და არაკანონიერი კონტენტი. ასევე, მონაცემებში სხვადასხვა სქემის ამოსაცნობად ვიყენებთ ალგორითმებს. ჩვენს სისტემებში სპამის, მავნე პროგრამების, არაკანონიერი კონტენტისა და სხვა ტიპის დარღვევების აღმოჩენისას — რაც ჩვენს დებულებებს არღვევს — შეიძლება თქვენს ბავშვს თავისი ანგარიშის ან პროფილის მოქმედება შევუჩეროთ ან სხვა შესაბამისი ზომები მივიღოთ. გარკვეულ გარემოებებში, დარღვევის შესახებ შეიძლება კომპეტენტურ ორგანოებსაც შევატყობინოთ.
თქვენი ბავშვის პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ რეკომენდაციების, პერსონალიზებული კონტენტისა და ძიების მორგებული შედეგების უზრუნველსაყოფად. თქვენი ბავშვის პარამეტრების მიხედვით, Google Play-მ შეიძლება გამოიყენოს, ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი ბავშვის მიერ დაინსტალირებული აპების ინფორმაცია, რათა შესთავაზოს მას ახალი აპები, რომლებიც, შესაძლოა, მოეწონოს.
გარდა ამისა, თქვენი შვილის პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ჩვენს სერვისებს შორის და თქვენი ბავშვის მოწყობილობებში ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის. თქვენი ბავშვის ანგარიშის ან პროფილის პარამეტრების მიხედვით, Google სერვისების გაუმჯობესების მიზნით, შეიძლება მოხდეს სხვა საიტებსა და აპებში მისი აქტივობის დაკავშირება თავის პერსონალურ ინფორმაციასთან.
Google არ უზრუნველყოფს პერსონალიზებულ რეკლამას თქვენი ბავშვისთვის, რაც ნიშნავს, რომ ნაჩვენები რეკლამა არ იქნება დაფუძნებული თქვენი ბავშვის ანგარიშში ან პროფილში არსებულ ინფორმაციაზე. ამის ნაცვლად, რეკლამა შეიძლება დაეფუძნოს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა იმ ვებსაიტის ან აპის კონტენტი, რომელსაც თქვენი ბავშვი ათვალიერებს, მიმდინარე საძიებო ფრაზა ან ზოგადი მდებარეობა (მაგ., ქალაქი ან შტატი). ვების დათვალიერებისას ან Google-ისგან განსხვავებული მწარმოებლების აპების გამოყენებისას თქვენს ბავშვს შეიძლება შეხვდეს რეკლამა, რომლის ჩვენებასაც უზრუნველყოფს არა Google, არამედ რეკლამის სხვა პროვაიდერები (მათ შორის, მესამე მხარეთა მიერ პერსონალიზებული რეკლამა).
თქვენს ბავშვს შეიძლება საშუალება ჰქონდეს, საჯაროდ და სხვებთან გააზიაროს ინფორმაცია (მათ შორის, ფოტოები, ვიდეოები, აუდიო და მდებარეობა), როდესაც შესული იქნება თავის Google ანგარიშში ან პროფილში. ბავშვის მიერ ინფორმაციის საჯაროდ გაზიარების შემთხვევაში, ის შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს საძიებო სისტემებიდან, როგორიცაა Google Search.
ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია, მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება გაზიარდეს Google-ის ფარგლებს გარეთ. ჩვენ არ ვუზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და კერძო პირებს Google-ის ფარგლებს გარეთ, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
პერსონალურ ინფორმაციას Google-ის ფარგლებს გარეთ გავაზიარებთ თანხმობის საფუძველზე (საჭიროებისამებრ).
თქვენი ბავშვის ინფორმაცია, მათ შორის, მისი სახელი, ფოტო, ელფოსტის მისამართი და Play შენაძენები, შეიძლება გაზიარდეს თქვენი ოჯახის ჯგუფის წევრებთან Google-ში.
ჩვენ ვაწვდით პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს აფილირებულ კომპანიებსა და ნდობით აღჭურვილ სხვა საწარმოებს ან პირებს, რომლებიც ჩვენთვის ამუშავებენ მას, ჩვენი მითითებების შესაბამისად და მონაცემთა კონფიდენციალურობის წესების თაობაზე წინამდებარე შეტყობინების, Google-ის კონფიდენციალურობის დებულებისა თუ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული სხვა ზომების დაცვით.
ჩვენ გავუზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას კომპანიებს, ორგანიზაციებსა და კერძო პირებს Google-ის ფარგლებს გარეთ, თუ კეთილსინდისიერად ჩავთვლით, რომ ინფორმაციაზე წვდომა, მისი გამოყენება, შენახვა ან გამჟღავნება, გონივრული დასაბუთების საფუძველზე, აუცილებელია:
ნებისმიერი მოქმედი კანონის, რეგულაციის, სამართლებრივი პროცესის ან სარჩელის ძალის მქონე სამთავრობო მოთხოვნის სისრულეში მოსაყვანად;
მომსახურების მოქმედი პირობების, მათ შორის, პოტენციური დარღვევების გამოძიების, სისრულეში მოსაყვანად;
თაღლითობის, უსაფრთხოების ან ტექნიკური საკითხების აღმოსაჩენად, აღსაკვეთად ან სხვაგვარად მოსაგვარებლად;
Google-ის, ჩვენი მომხმარებლების ან საზოგადოების უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დასაცავად, როგორც ამას მოითხოვს კანონი ან რამდენადაც დაშვებულია მის ფარგლებში.
საჯაროდ ან ჩვენს პარტნიორებთან — გამომცემლებთან, რეკლამის განმთავსებლებთან, დეველოპერებთან ან უფლებების მქონე პირებთან — შეიძლება, ასევე, გავაზიაროთ ინფორმაცია (მათ შორის, ჩვენი სერვისების გამოყენების ზოგადი ტენდენციები), რომლის მეშვეობითაც შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება. მაგალითად, ჩვენ საჯაროდ ვაზიარებთ ინფორმაციას ჩვენი სერვისების ზოგადი გამოყენების ტენდენციების დემონსტრირებისთვის. გარდა ამისა, უფლებას ვაძლევთ კონკრეტულ პარტნიორებს, შეაგროვონ ინფორმაცია ბრაუზერებიდან ან მოწყობილობებიდან რეკლამის ჩვენებისა და ეფექტურობის გაანალიზების მიზნით, თავიანთი საკუთარი ქუქი-ჩანაწერების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
თუ თქვენს ბავშვს აქვს Google ანგარიში, თქვენი ბავშვის ინფორმაციაზე წვდომა, მისი განახლება, წაშლა, ექსპორტირება და დამუშავების შეზღუდვა შეგიძლიათ მის Google ანგარიშში შესვლით. თუ თქვენი ბავშვის პაროლი არ გახსოვთ, მისი გადაყენება შეგიძლიათ Family Link აპის მეშვეობით ან Family Link-ის პარამეტრებიდან ვებში. სისტემაში შესვლის შემდეგ წვდომა გექნებათ მართვის სხვადასხვა საშუალებაზე, რომლებიც აღწერილია Google-ის კონფიდენციალურობის დებულებაში (მაგალითად, Google-ის აქტივობის მართვის საშუალებებზე) და რომლებიც გაგიმარტივებთ თქვენი ბავშვის კონფიდენციალურობის პარამეტრებისა თუ ინფორმაციის მართვას.
თუ თქვენს ბავშვს აქვს პროფილი, თქვენი ბავშვის ინფორმაციაზე წვდომა, მისი განახლება, წაშლა, ექსპორტირება და დამუშავების შეზღუდვა შეგიძლიათ Family Link აპის მეშვეობით ან Family Link-ის პარამეტრებიდან ვებში.
თქვენი ბავშვი შეძლებს თავისი წარსული აქტივობის წაშლას „ჩემი აქტივობის“ სექციიდან, ასევე, ნაგულისხმევად, აპების ნებართვების მინიჭებას (მათ შორის, მოწყობილობის მდებარეობაზე, მიკროფონზე ან კონტაქტებზე) მესამე მხარეებისთვის. ამასთან, შეგიძლიათ გამოიყენოთ Family Link თქვენი ბავშვის Google ანგარიშის ან პროფილის ინფორმაციის რედაქტირებისთვის ან შესაცვლელად, აპებში აქტივობისა და აპიების ნებართვების გადასახედად და იმისთვის, რომ მართოთ თქვენი ბავშვის შესაძლებლობა, გარკვეული ნებართვები მიანიჭოს აპებს ან მესამე მხარის სერვისებს თავის ინფორმაციაზე წვდომის კუთხის.
თუ ოდესმე მოისურვებთ, რომ თქვენი ბავშვის ინფორმაცია აღარ შეგროვდეს ან აღარ იყოს გამოყენებული, Family Link აპიდან ან Family Link-ის პარამეტრებიდან ვებში. საშუალება გექნებათ, წაშალოთ თქვენი ბავშვის Google ანგარიში ან პროფილი მისი ანგარიშის ან პროფილის ინფორმაციის გვერდზე „ანგარიშის წაშლაზე“ ან „პროფილის წაშლაზე“ დაწკაპუნებით. თქვენი ბავშვის ანგარიში ან პროფილი სამუდამოდ წაიშლება გონივრული პერიოდის განმავლობაში.
თუ თქვენი ბავშვის Google ანგარიშთან ან პროფილთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენ მზად ვართ თქვენ დასახმარებლად. Family Link-ის, ასევე, თქვენი ბავშვის Google ანგარიშისა თუ პროფილის შესახებ დამატებითი ინფორმაციის პოვნა შეგიძლიათ ჩვენს დახმარების ცენტრში. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოგვეხმაუროთ Family Link-ის, ასევე, თქვენი ბავშვის Google ანგარიშისა თუ პროფილის შესახებ პირდაპირ Family Link აპიდან. ამისთვის შეხებით აირჩიეთ: ☰ მენიუ > დახმარება და გამოხმაურება > გამოხმაურება, ანდაც დაგვიკავშირდით ელფოსტით ან ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
Google
1600 Amphitheatre Parkway
Mountain View, CA 94043 USA
ტელ.: +1 855 696 1131 (აშშ-ში)
სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოინახულეთ g.co/FamilyLink/Contact
თუ შეკითხვები გაქვთ Google-ის მიერ თქვენი ბავშვის მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Google-ს და ჩვენს მონაცემთა დაცვის განყოფილებას. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანიზაციას, თუ გაქვთ შეკითხვები ადგილობრივი კანონმდებლობით მონიჭებული თქვენი უფლებების შესახებ.